"ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე მას შემდეგ, რაც ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა"

ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ქართული კომპანიები არ იღებენ, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე მას შემდეგ, რაც ვარკეთილის მეტროში მოხდა ჭერის ჩამოშლა და ჩამონგრევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მეტროსადგურების განახლების პროექტზე, რომელიც მიზნად 11 მეტროსადგურის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ისახავს, მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მიმდინარეობს.

„ყველა [ქართული] კომპანია ერიდება ამ პროექტებში მონაწილეობას, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი მხარდაჭერით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და შესაძლებლობა ექნება საერთაშორისო, უცხოურ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში,“ - დასძინა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ბაქნის რეაბილიტაციას, მათ შორის ესკალატორების თანამედროვე მოდელებით განახლებას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა დასძინა, აღნიშნული პროექტის ღირებულება 44 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.