გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საკომიტეტო მოსმენის დღევანდელი ფორმატი ბანკის პოლიტიზირების საფრთხეს შეიცავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკომიტეტო მოსმენის დღევანდელ ფორმატში ბანკის პოლიტიზირების საფრთხეს ხედავს.

"ფორმატი, როცა ეროვნული ბანკის მოსმენა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხდება, მე დიდად არ მომწონს, რადგან ძალიან დიდი საფრთხეა ბანკის პოლიტიზირების. მიუხედავად ამისა, იმისთვის რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან კითხვებს პასუხები გაეცემა", - განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე.

ამ წუთებში პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა იწყება, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ. მათთან ერთად საკომიტეტო მოსმენაზე მოწვეულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. სხდომას, კომიტეტის წევრების გარდა, ესწრებიან ის დეპუტატებიც, რომლებიც აღნიშნულ კომიტეტებში გაერთიანებული არ არიან. ასევე მთავრობის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. პარლამენტში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.