თოყაევი - „ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასრულდა“

ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი დგება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ ჟომარტ-თოყაევმა ყარაგანდის რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც Liter.kz ავრცელებს.

მისი თქმით, „მოქალაქეებს ეფექტური და სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი სჭირდებათ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში წამყვან პოზიციას დაიკავებს.“ ამასთან, პრეზიდენტმა დიდი ქარხნებისა და საწარმოების მუშაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შემთხვევაში მათთან პარტნიორობა შეწყდება. თოყაევის თქმით, ის ყაზახეთში მოქმედი ყველა მსხვილი სამთო კომპანიის საქმიანობას ყურადღებით აკვირდება და კაპიტალის საზღვარგარეთ უკანონო გადატანას არ დაუშვებს.

„ჩვენ დავაკვირდებით მათ მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას. წარმოების მოდერნიზაციასა და გარემოს დაცვას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, ხოლო გადასახადების გადახდას სპეციალური კონტროლის ქვეშ ავიყვანთ,“ - აცხადებს თოყაევი.

პრეზიდენტი პირობას დებს, რომ თუ მსხვილი სამრეწველო საწარმოები ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მთავრობა იძულებული იქნება, მათთან კონტრაქტები გაწყვიტოს.

„ეს მუქარა კი არა, მუშაობის მარტივი, პატიოსანი და სამართლიანი წესია, რაც ზოგადად მთელ ცივილიზებულ სამყაროში არის მიღებული,“ - აცხადებს თოყაევი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ