აზერბაიჯანულმა გაზმა ბულგარეთში ბუნებრივი აირის ფასი 34%-ით გააიაფა

გაზის საბითუმო ფასი ბულგარეთში ერთდროულად 34%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაიხსნა და ქვეყანაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მეურნეობის მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Trend ავრცელებს.

მარეგულირებელმა კომისიამ ოქტომბრისთვის მეგავატ საათზე ბუნებრივი აირის საბითუმო ფასად 233,36 ბულგარული ლევი, ანუ 116,93 დოლარი/119,31 ევრო დაამტკიცა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 34%-ით ნაკლებია.

უწყების განცხადებაში წერია, რომ „პირველად, ბულგარეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებით ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობა ფასდაკლების კომპონენტით იქნა გათვალისწინებული, რის შედეგადაც მეგავატ/სთ-ზე ფასი 120 ლევით შემცირდა.“

კომისიის შეფასებით, „აზერბაიჯანულ გაზს გაცილებით კონკურენტუნარიანი ღირებულება აქვს, რადგან ევროპის გაზის ფიუჩერსული ბირჟების რყევები მასზე გავლენას არ ახდენს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მისი ფასი ბენზინის 6 თვის წინანდელ ფასზე არის მიბმული.“

IGB 1 ოქტომბერს ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს შაჰდენიზ-2-ის საბადოდან იღებს. IGB ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს, ანუ TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზს ევროპის ბაზარს აწვდის. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია.

პირველ ეტაპზე გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. მეორე ეტაპზე, ბაზრის განვითარების მიხედვით, მილსადენის გამტარუნარიანობა შესაძლოა, წელიწადში 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, რაც საკომპრესორო სადგურის დამატების ხარჯზე მოხდება. წლიური მოცულობის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 1,57 მილიარდი კუბური მეტრი გაზი 25 წლამდე პერიოდის გრძელვადიანი ხელშეკრულებებით უკვე დაჯავშნილია. დარჩენილი ხელმისაწვდომი სიმძლავრე ორ წამყვან პლატფორმაზე, PRISMA-სა და RBG-ზე აუქციონის გზით გაიყიდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ