შვეიცარიაში McDonald’s-მა კრიპტოვალუტით მომსახურება დაიწყო

შვეიცრიის ქალაქ ლუგანოში მდებარე McDonald’s-ის ორივე რესტორანში კრიპტოვალუტით გადახდა გახდა შესაძლებელი. გამოცემა Crypto Globe-ის ცნობით, ეს ქალაქის მერის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ბიტკოინი (Bitcoin-BTC) და ტეთერი (Tether-USDT) „დე ფაქტო ლეგალურ გადასახადად“ გამოაცხადა.

Bitcoin Magazine-მა გამოაქვეყნა ტვიტი თანდართული ვიდეოთი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ლუგანოს McDonald’s-ში ბიტკოინით ან Tether-ით გადახდა. ამჟამად McDonald’s-ში არის მხოლოდ ერთი თვითმომსახურების სალარო, სადაც მომხმარებელს კრიპტოვალუტით გადახდა შეუძლია. თუმცა, Crypto Globe-ის ცნობით, თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება და სერვისი მოთხოვნადი გახდა, ასეთი ტერმინალები კიდევ გაიხსნება. ამასთან, მოელიან, რომ ლუგანოს გამოცდილება მალე შვეიცარიის სხვა ქალაქებშიც გავრცელდეს.

3 მარტს CoinDesk წერდა, რომ „ლუგანო მიისწრაფვის, ევროპაში ბიტკოინ-დედაქალაქი გახდეს, რა მიზნითაც სტაბლკოინ Tether-თან პარტნიორობა დაიწყო, რომ ბიტკოინი, Tether და ლუგანოს საკუთარი ტოკენი, LVGA Points ქალაქში არსებითად ლეგალური გადახდის საშუალება გამხდარიყო.“

Crypto Globe-ის შეფასებით, ლუგანოს McDonald’s-ში კრიპტოვალუტით გადახდების შემოღება უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე ზოგიერთი კანტონის, მაგალითად, ზუგის ნაბიჯი, რომ საგადასახადო მოსაკრებლები კრიპტოში მიიღოს. გამოცემა წერს, რომ „ლუგანო ცდილობს, ელ-სალვადორის მოდელი გადაიღოს, სადაც ყველა ადგილობრივი ბიზნესი კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას, რეგულარულად იღებს. თუმცა შვეიცარული ქალაქი ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტას ლეგალური გადახდის საშუალებად დამოუკიდებლად ვერ გამოაცხადებს, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფედერალურ დონეზე უნდა იქნეს მიღებული. ამდენად, Crypto Globe ნაკლებად მოელის, რომ ეს უახლოეს და საშუალოვადიან პერპექტივაში მოხდეს.

ლუგანო არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი შვეიცარიაში, რომელიც კანტონა ტიჩინოში შემავალი ლუგანოს რაიონის ნაწილია. ეს არის ყველაზე დიდი ქალაქი ტიჩინოსა და იტალიურენოვან სამხრეთ შვეიცარიაში. ლუგანოში, დაახლოებით, 62 000 მოსახლე ცხოვრობს და ქვეყანაში სიდიდით მეცხრე ქალაქია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ