ხულუტის ციხე - დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 ოქტომბერს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნეს.

როგორც „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მაისში დაიწყო და ამ დროისთვის გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები.

„მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის სრული აღდგენა, ხოლო მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე”, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

„არემჯის“ ცნობით, ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები; ძეგლის სკანირების შემდეგ ჩატარდა გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევა, ციხე-დარბაზი გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან და მოეწყო ძეგლამდე ასასვლელი ბილიკი, რაც ციხე-დარბაზის დათვალიერებას კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის. ხულუტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ციხე- დარბაზი სრულად არის გაწმენდილი ნაყარი მიწა-ნაგავისგან.

„იმის გამო რომ, VIII კოშკის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკზე მიმდინარეობდა. სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე, დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაოები. ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასასვლელ ბილიკზე დამონტაჟდა ლითონის მოაჯირი. არსებული ბზარების დამუშავება-“ამოკერვა“ მოხდა ციხე-დარბაზის მესამე კოშკზეც.

პროექტის ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს. ვინაიდან ძეგლი კომპანია “არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. აქტივისტებსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კახა მჭედლიშვილი, კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორი: „ეს შედეგი, რაც დღეს გვაქვს, აქტივისტთა გაერთიანებასთან „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ თანამშრომლობის შედეგია. ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის ძეგლია და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავდეს ამ რეგიონს და კონკრეტულად ამ ციხეს. ჩვენმა კომპანიამ დააფინანსა სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სამსახურები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და უახლოეს მომავალში დავგეგმავთ მესამე ეტაპის სამუშაოებს“.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) ხულუტის ციხე-დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივითა და მონიტორინგით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.