„არ არის დადგენილი სამუშაო დროის ლიმიტი დღის განმავლობაში -არსებული რეგულაციები წინააღმდეგობაშია შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან“

„არ არის დადგენილი სამუშაო დროის ლიმიტი დღის განმავლობაში - არსებული რეგულაციები წინააღმდეგობაშია შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან,“ - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში „ღირსეული შრომის დღის წესრიგი - საჭიროებების შეფასება და გზამკვლევი“.

კვლევის ფარგლებში მთლიანობაში ჩატარდა 17 ინდივიდუალური ინტერვიუ და 2 მინი-ფოკუსჯგუფი. სულ გამოიკითხა 23 რესპონდენტი. ინტერვიუები ჩატარდა 2021 წლის ივნის-ივლისში.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კვლევაში არის ყურადღება გამახვილებული, არის დღის განმავლობაში სამუშაო დროის ლიმიტის საკითხი.

„არსებული რეგულაციების ფარგლებში არ არის დადგენილი სამუშაო დროის ლიმიტი დღის განმავლობაში. მოქმედი რეგულაციების ფარგლებში დადგენილია კვირის განმავლობაში 24-საათიანი დასვენების ვალდებულება, სამუშაო დღის განმავლობაში 60-წუთიანი შესვენებისა და სამუშაო დღეებს შორის 12-საათიანი დასვენების, რაც რეალური სამუშაო კვირის მაქსიმალურ ლიმიტს ადგენს 66 საათის ფარგლებში, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში - 11 საათით (პლუს ერთსაათიანი შესვენება).

არსებული რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშორისო სტანდარტებსა და 2003/88/EC დირექტივასთან. ევროდირექტივის ფარგლებში დასაშვებია გარკვეული გამონაკლისებიც ზოგიერთი სამუშაოს მიმართ, თუმცა ეს გამონაკლისები უნდა ითვალისწინებდეს დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ პირობებს. სამართლებრივი მიმოხილვის ნაწილში გამოვლინდა შეუსაბამობა კანონის არსებულ რედაქციასა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს შორის სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესთან დაკავშირებით, რადგანაც კანონმდებლობა არ აწესებს, რა პერიოდის ფარგლებში უნდა მოხდეს სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვა,“- აღნიშნულია კვლევაში.

რეკომენდაციის სახით, კვლევის ავტორების შეფასებით, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ნორმირებული სამუშაო დროის დღის მაქსიმალურ ლიმიტს.

„ნორმირებული სამუშაო დრო დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს; საშუალო ნორმირებული დღის ან კვირის სამუშაო დროის გამოთვლის მიზნებისათვის შრომის კოდექსი უნდა განსაზღვრავდეს სააღრიცხვო პერიოდს. აღნიშნული სრულად უნდა განისაზღვროს სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციით, არსებული ობიექტური საჭიროებების შესწავლის შედეგად,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი