„დეკემბერში გვიწევს ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვა"  - მოსალოდნელია თუ არა ფასის ზრდა

მიმდინარე წლის დეკემბერში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი გაზის ტარიფს გადახედავს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ზამთრის სეზონი გვიახლოვდება, შესაბამისად, მოსახლეობას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთარს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზის ნაწილში. ჩვენ, რაც გვქონდა ელ.ენერგიის ნაწილში დროებითი ტარიფები, ის გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე, შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

მიმდინარე წლის დეკემბერში გვიწევს გაზის ტარიფის გადახედვა და ახალი ტარიფის დადგენა. არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის ნაწილში ზრდას არ ველოდებით. ერთადერთი მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო უსაფრთხოების ნაწილში, რათა შემოწმდეს გაზის მოწყობილობების უსაფრთხოება", - განაცხადა ნარმანიამ ,,მედიაცენტრ მთავარში".

თამარ მუკბანიანი