ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ათონელზე მდებარე რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია, თუმცა ეს ობიექტი შესაძლოა, საგარეო უწყების ამჟამინდელ შენობაში გაიცვალოს. "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20-მდე მსხვილი აქტივის პრივატიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ მოკლევადიან პერიოდში დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ფარგლებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინება იქნება და პოზიტიურად იმოქმედებს ერონული ვალუტის კურსის გამყარებაზე. შემოსული თანხის დიდი ნაწილი მიიმართება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ეკონომიკური ზრდის გააქტიურებისთვის, ხოლო ეკონომიკური ზრდა რომ შემოკლებულია, ეს ფაქტია და ჩვენ წლევანდელი პროგნოზი 2 %-მდე ჩამოვიტანეთ 5 %-დან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ობიექტების დაჩქარებული წესით პრივატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მონეტარულ ეფექტზე ორიენტირებულ პრივატიზაციას, ეს იქნება აუცილებლად საინვესტიციო ვალდებულებებით გაჯერებული პრივატიზაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრ რეჟიმში გავუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება თავად საპრივატიზაციო ნუსხას: ეს არის ბობოყვათში მდებარე ყოფილი რეზიდენციის კომპლექსი, წყნეთის სამთავრობო აგარაკი - ამ ორივე ობიექტს აქვს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი. ასევე, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა. ეს არის "თელასის" 25 პროცენტიანი სახელმწიფო წილი, "საქართველოს ფოსტის" შენობა, რომლის პრივატიზაციასაც საშუალოვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, რადგან ამ პროცესს მომზადება სჭირდება. ასევე ეს არის გუდაურში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს არის რეზიდენცია ათონელზე, თუმცა ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ცვლილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეალიზაცია მოხდეს, სამინისტრო კი გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში - ამას განვიხილავთ. ასევე ღვინის ქარხნები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს მფლობელობაშია და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ორთაჭალაში. ასევე ბათუმის ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომლის რეალიზაციაც გუშინ უკვე მოხდა. სიაშია აღმაშენებელზე მდებარე ყოფილი რკინიგზის კოლეჯის შენობა და ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა, წყალტუბოს სანატორიუმები, თბილისში მდებარე სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.