თსუ-ს კანცლერის განცხადებით, გადაცდომა თავდაპირველად 37 ათასი ლარის გახარჯვაში გამოიკვეთა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, მათი ყოფილი ბუღალტრის მიერ თანხების უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, თავდაპირველ ეტაპზე ეჭვი მდგომარეობდა იმაში, ხომ არ მოხდა გადარიცხვებში ტექნიკური ხარვეზი, რადგან თავად დაკავებული ბუღალტერიც ამბობდა, რომ ტექნიკურად შეეშალა გადარიცხვა.

“თავად ფაქტი 2021 წლის დეკემბერს მოხდა. ჩვენს მიერ აღნიშნული გადაცდომის გამოვლენა და თავდაპირველ ეტაპზე ეჭვი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ხომ არ მოხდა ტექნიკური ხარვეზი გადარიცხვებში, რადგან თავად ეს ადამიანიც ამას ამბობდა, რომ რეალურად ტექნიკურად შეეშალა გადარიცხვა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო 165 000 ლარზე საუბარი, დაახლოებით 37 000 ლარის დარღვევა იყო აღმოჩენილი, თუმცა ეტაპობრივად, როდესაც თსუ-ს შიდა აუდიტი ჩაერთო, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ბოლო წლების მასალების გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ეს თანხა საბოლოო ჯამში, 165 000 ლარს შეადგენს”, - განაცხადა კანცლერმა.

როგორც საღინაძემ აღნიშნა, პროკურატურას მარტის თვეში აღნიშნული მასალები უნივერსიტეტმა გადაუგზავნა.

“ზუსტი დრო არ მახსოვს, თუმცა ეს ქალბატონი 10 წელზე მეტი, როგორც მინიმუმ, მუშაობდა თსუ-ში” - აღნიშნა კანცლერმა.

საღინაძის განმარტებით, ბუღალტერთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი, რომელიც ასევე დაკავებულია, თსუ-ს თანამშრომელი არ ყოფილა და “უბრალოდ მის ანგარიშზე ხდებოდა თანხის ჩარიცხვა”.

“რეალურად გამოძიება უკვე დასრულებულია, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურასთან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ, მასალები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყო მიწოდებული. ამ მასალების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. მომავალშიც თუ რაიმე საჭიროება გახდა, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ”, - დასძინა კანცლერმა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა საგამოძიებო უწყების მიერ უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გამოკითხვა, საღინაძემ განაცხადა, რომ რექტორის გამოკითხვა “საერთოდ არარელევანტურია ამ მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ საფინანსო საკითხებში, მოქმედი კანონმდებლობით, რექტორის ფუნქციები გამიჯნულია და ის ამაში არ ერევა”.

თსუ-ს კანცლერის თქმით, გამოძიებამ უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელი და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოკითხა.

“სამწუხაროა, რომ აღნიშნული ფაქტი ჩვენ შემთხვევაში დაფიქსირდა. ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ზუსტად ამ სქემით აღმოჩენილია სხვადასხვა სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუმცა ეს სქემა ყველა შემთხვევაში გაშიფრულია”, - დასძინა საღინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.