რუსეთიდან ფულის უკანონოდ გატანის შემთხვევები გაორმაგდა

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსების მიერ საზღვარგარეთ ფულის უკანონოდ გატანის შემთხვევებმა ორჯერ იმატა. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებში წერია, რომელიც „იზვესტიამ“ მოიპოვა.

კერძოდ, 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საზღვარზე ნაღდი ფულის უკანონო გადატანის 557 ფაქტი გამოვლინდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, თითქმის, ორჯერ, ანუ 93%-ით მეტია. მაშინ სულ 288 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. საბაჟო სამსახურის პრესსამსახურში „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ, თითქმის, ყოველი მეორე დარღვევა, ანუ 213 შემთხვევა რუსეთის ფედერაციიდან 10 000 დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის ექსპორტის აკრძალვას უკავშირდება, რომელიც მარტიდან მოქმედებს.

უკანონოდ გადატანილი ფულის ჯამური რაოდენობა 63%-ით, 160,5 მლნ რუბლამდე (2 658 791 დოლარამდე) გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 96,2 მლნ რუბლს (1 533 409 დოლარს) შეადგენდა. ყველაზე ხშირად მოქალაქეები რუბლის გადატანას თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში ცდილობდნენ. ექსპერტების შეფასებით, დაფიქსირებული დარღვევები მოქალაქეების დაბალი ფინანსური განათლებისა და უსაფრთხო გადარიცხვებზე ცოდნის ნაკლებობის შედეგია.

სექტემბრის ბოლოს გამოვლენილი ვალუტის უკანონოდ გადატანის შემთხვებებიდან რუსული რუბლის წილი 50%-ზე მეტია, რასაც ევრო და აშშ დოლარი მოჰყვება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ