მთავრობა ქამრების შემოჭერას 2016 წელსაც გააგრძელებს

საქართველოს მთავრობა ქამრების შემოჭერის პოლიტიკას 2016 წელსაც გააგრძელებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დროსაც გამოყენებული იქნება პარამეტრები, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. "ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, ბიუჯეტის დეფიციტური ზღვრული მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ხარჯების შემცირება. მთავრობის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა დაევალათ არაუგვიანეს 16 მარტისა. ამასთან, მთავრობამ ანალოგიური შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას. ანალოგიური პარამეტრები იქნება გამოყენებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას", - განაცხადა ხადურმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც გააცნო და აღნიშნა, რომ გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით შესრულდა. "მათ შორის 27 მილიონით გადააჭარბა საგადასახადო შემოსავლებმა. გადაჭარბებით შესრულდა სხვა შემოსავლები და გრანტები და შესაბამისად, დაგეგმილზე ნაკლები სახელმწიფო ვალი იქნა აღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საუბარი იმ ფაქტზე, რომ ბიუჯეტი არ სრულდება, არასწორია", - აღნიშნა ხადურმა.