სამინისტრო - საქართველოსა და ავსტრიას შორის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრიელ სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობების, ქართული ხორბლის ჯიშების მოძიება-აღდგენის, გენბანკის შექმნის, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ავსტრიულ მხარესთან. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, ქერის, ჭვავის, ტრიტიკალეს ჯიშების ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირების უნარები იქნა შესწავლილი. შეხვედრაზე, მარცვლოვანი კულტურების თესლის მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება გამოიკვეთა, რომელიც მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას, გენეტიკური რესურსების გაცნობასა და გაცვლას გულისხმობს“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ დირექტორმა, კარლ ფიშერმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.