გიორგი კვირიკაშვილი: ტურიზმის მიმართულებით იგეგმება აქტიური პიარკამპანია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით იგეგმება აქტიური მარკეტინგული და პიარკამპანია.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს შეეხება რამდენიმე მიზნობრივ ბაზარს, საიდანაც მეტი ტურისტის შემოდინებას ელოდებიან და სადაც ხედავენ, რომ გაცილებით ეფექტიანი იქნება დანახარჯების განხორციელება. "ასევე, ქვეყნის მასშტაბით ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალების და კონცერტების ჩატარების კალენდარი. ეს არის ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა ბაზარზე და რამდენიმე მათგანთან უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ეს არის "იზი ჯეტი", "რაინ ეარი", ასევე "ეარ ბერლინსაც" ვესაუბრებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოხდება სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს მიღებული სავიზო შეზღუდვების გამარტივება და ლიბერალიზაცია. "მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში გარკვეული გადაჭარბება მოხდა ბიუროკრატიის გართულების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ. ელექტრონული ვიზების შემოღება უკვე მოხდა. პორტალი წარმატებით მუშაობს, თუმცა მისი რეკლამირების კუთხით დამატებითი ღონისძიებებია საჭირო და პორტალის მუშაობაც გასამარტივებელი იქნება. ასევე იგეგმება ძალიან გამარტივებული სახელმწიფო პოლიტიკა ფრენების შესრულების სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გაწერილი ნაბიჯები და ასევე პოლიტიკა ქვეყანაში ნებისმიერი მსურველი ავიაკომპანიისთვის ფრენების დაწყების უზრუნველსაყოფად და წასახალისებლად. რაც შეეხება ეროვნულ ავიაკომპანიებს, მათი სტიმულირების კუთხით ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რომ ტურისტების გაყვანის კუთხით, ჩარტერული ავიარეისების კუთხით მივცეთ ეროვნულ კომპანიებს გარკვეული ტიპის პრეფერენციები, რაც აუცილებელი იქნება და ეკონომიკურად მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ ფუნქციონირებას. ასევე, ცოტა ხანში ჩავუშვებთ ჩარტერული რეისების სუბსიდიების პაკეტს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მიზნობრივ ბაზრებს, მინისტრის განცხადებით, ესენია: ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსი, უნგრეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.