ბაიდენის გეგმა სტუდენტებისთვის კრედიტების ჩამოწერაზე ბიუჯეტს 379 მლრდ დოლარი დაუჯდება

აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა - შემსუბუქდეს ამერიკელების საგადასახადო ტვირთი, მათთვის ვინც სარგებლობს კრედიტებით განათლებაზე, ქვეყნის ბიუჯეტს რამდენიმე წლის განმავლობაში წლიურად 30 მლრდ დოლარი, მთლიანად კი 379 მლრდ დოლარი დაუჯდება, ისიც დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით. აღნიშნული ანგარიში ამერიკის განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

მანამდე ამერიკის კონგრესის ბიუჯეტის მართვის სამმართველომ CBO-მ გაავრცელა ანგარიში, რომლის მიხედვით ამერიკის ბიუჯეტს სტუდენტებისთვის კრედიტების ჩამოწერა მომდევნო 30 წელი 400 მლრდ დოლარი დაუჯდება, ხოლო გადაუხდელი კრედიტების მოცულობა მხოლოდ მიმდინარე წელს 20 მლრდ დოლარით გაიზრდება.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა საგანმანათლებლო კრედიტების ჩამოწერის პროგრამის შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. ის ითვალისწინებს 10 და 20 ათას დოლარამდე კრედიტების ჩამოწერას იმ ამერიკელებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 125 ათას დოლარზე ნაკლებია, ასევე ოჯახური წყვილებისთვის, რომელთა ჯამური შემოსავალი არ აღემატება წლიურ 250 ათას დოლარს.

ამერიკის ხელისუფლებაში მოელიან, რომ ამ პროგრამით 40 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

დღეისათვის შტატებში, გადაუხდელი კრედიტების ჯამური რაოდენობა 1,7 ტრილიონ დოლარს აღწევს. ყოფილი და მოქმედი სტუდენტებისთვის ფინანსური საკრედიტო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ დისკუსია აშშ-ში უკვე წლებია მიმდინარეობს, ვინაიდან ძალიან ბევრი ამერიკელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისინი ამ ვალებს ვერ ფარავენ სტუდენტობის დასრულებიდან 10 წლის შემდეგაც კი, მათ შორის, მაღალი ხელფასის პირობებშიც კი.

კოკა კვირკველია