რუმინეთში ზამთრის ბოლომდე შეშაზე ზღვრული ფასები იმოქმედებს

რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა, რისი მიზეზიც ფასების ე.წ. ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო განკარგულება, რომლის მიხედვითაც კუბური მეტრი შეშის ფასი 400 ლეი (80 დოლარი) იქნება, ხოლო ტონა ხის გრანულა 2000 ლეი (400 დოლარი) ეღირება. ფასის ზღვარი ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. მანამდე მთავრობამ ლიმიტირებული ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე დააწესა, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს მზარდი ხარჯების გამკლავებაში დახმარებოდა.

Deloitte-ის მონაცემებით, რუმინეთში გასათბობად შეშას 3 მილიონზე მეტი ოჯახი იყენებს. მოსახლეობის ამ ტიპის გათბობის წილით ქვეყანა ევროკავშირში, საფრანგეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ხეს გასათბობად, ტრადიციულად, რუმინულ სოფლებში იყენებდნენ, რადგან ქვეყნის გაზიფიკაცია ნელა მიმდინარეობს. თუმცა ამჟამად შეშა ქალაქებშიც სულ უფრო პოპულარული და გაძვირებული გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატივა ხდება.

რუმინეთის სატყეო მეურნეობის ეროვნულმა სააგენტომ მზა შეშის რაოდენობის გასაზრდელად ზომები სექტემბერში დააანონსა, რომ მაღალი მოთხოვნისთვის მხარი დაეჭირა. კერძოდ, სააგენტო ქვეყნის მთიანი რაიონებიდან დეფიციტურ რაიონებში ჭარბი შეშის გადატანის შესაძლებლობას სწავლობს. ბუქარესტმა, ასევე, გადაწყვიტა, მეზობელი მოლდოვის დასახმარებლად 130 000 კუბური მეტრი შეშა გაგზავნოს.

2021 წელს რუმინეთმა 19,8 მილიონი კუბური მეტრი მერქანი აწარმოა, ხოლო, დაახლოებით, 4 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შეიტანა. ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეშის გამათბობელი სისტემების დაყენება ჯერ კიდევ უკრაინის მოვლენებამდე ურჩია. გარემოს დაცვის მინისტრი, ბარნა ტანჩოსი აცხადებს, რომ „შეშით გათბობა სამარცხვინო სულაც არ არის“ და მაგალითისთვის ავსტრიელები მოყავს, რომლებიც ასეთ გამათბობლებს დღემდე იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ