"ლარის გაუფასურების გამო ფასების საერთო დონე იანვარში 0,35 %-ით, თებერვალში კი – 0,11 %-ით გაიზარდა"

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ლარის გაუფასურების გამო ფასების საერთო დონე იანვარში 0,35 %-ით, თებერვალში კი – 0,11 %-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. "საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს. დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით", - განაცხადა ხადურმა.

მან საგარეო ვალთან მიმართებაში დევალვაციის გავლენაზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ კურსის ცვლილების გამო აღებული ვალი გაიზარდა. "იმის გამო, რომ ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გვაქვს, კურსის ცვლილება იწვევს მის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამჟამად ლარში გაზრდილია ვალი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვალი შემცირებულია დოლარში, რადგან ვალის ნაწილი აღებული გვაქვს ევროში და სხვა ვალუტებში, რომელთა მიმართაც ლარის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო დოლარი გამყარებულია. 18 მარტს საქართველოში ჩამოდის მსოფლიო ბანკის მისია იმისთვის, რომ ვალის მართვის სტრატეგია საბოლოოდ დავხვეწოთ და ვსრულვყოთ ვალის მართვა", - აღნიშნა ხადურმა.