გიორგი ქადაგიძე: ინტერვენციის დროს ჩვენ პირიქით, ნავთს დავასხამთ ცეცხლს

ინტერვენციის დროს ჩვენ პირიქით, ნავთს დავასხამთ ცეცხლს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიძემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომ არის კონტრპროდუქტიული რეზერვების ხარჯვა და ასევე, უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, მაშინ რატომ ხარჯავდა 2009-2010 წელს რეზერვებს. "2009-2010 წელს ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფრო სწორად გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს მთავრობას მოჰქონდა 4,5 მილიარდი დონორთა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა სესხები და გრანტები. ანუ, ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციით მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახორციელებდით ინტერვენციებს, სავალუტო რეზერვების დონე მხოლოდ გვევსებოდა. არასდროს, სავალუტო რეზერვების დონე ჩვენ არ გვიმცირდებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც 2009-10 წელს ვაკეთებდით ინტერვენციას", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება მოკლე ვადაში კურსის მერყეობა, ქადაგიძის თქმით, ამას მოლოდინები განაპირობებს. "როდესაც კურსის მერყეობა იწყება, მოცულობები იზრდება, იმიტომ რომ ისეთი ბიზნესაქტორები ერთვებიან პროცესებში, რომლებიც ნორმალურ შემთხვევაში მოკლე ვადაში არ უნდა მოხვედრილიყვნენ ამ ბაზარზე. არის თუ არა ამ დროს გამართლებული ინტერვენცია, როდესაც არის მოკლევადიანი რყევები? - არა, იმიტომ რომ, ინტერვენციის დროს ჩვენ პირიქით ნავთს დავასხამთ ცეცხლს, ვინაიდან ის მოლოდინი, რომ კურსი უფასურდება, ამ დროს ეროვნული ბანკი კიდევ ყიდის, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით ბიზნესაქტორებისთვის არის გზავნილი, რომ ისე ცუდად არის საქმე, რომ ეროვნული ბანკი ერთვება და მაინც ვერ აჩერებენ. ჩვენ ვერევით იმ შემთხვევაში, თუ ვატყობთ, რომ ნახტომი აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც შეიძლება საშიში იყოს ამა თუ იმ ქცევის ჩამოყალიბებაში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, ქადაგიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეროვნულ ბანკს უფრო ადრე რომ გაეყიდა რეზერვები, კურსი დღევანდელ ნიშნულს არ მიაღწევდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ამცირებს ეროვნული ბანკი ფულის მასას, ქადაგიძის თქმით, მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა ისედაც არ არის დიდი, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო დაპაუზებას გამოიწვევს.

"ჩვენი მონეტარული ინსტრუმენტების გამართული და სწორი ფუნქციონირების გამო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მცირდება. ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულისგან, რა ნიშნულზეც გვინდა ვიყოთ, მაგრამ პირველად საქართველოს ისტორიაში საბანკო სესხებში ფიზიკური პირების ნახევარს სესხი აქვს ლარში. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურებამ სერიოზულად დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს და სესხი დოლარში, მაგრამ არის მეორე ნახევარი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა ლარის სესხი და მათთვის ეს ნაკლებად მტკივნეულია. სწორი და გამართული პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ლარიზაციის მაქსიმალურ დონეს მივაღწიოთ, განსაკუთრებით ფიზიკურ პირ მსესხებლებში", - განაცხადა ქადაგიძემ.