სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით ბრუნვის 0,2%-ს იხდის

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულად იზრდება. მათ მიერ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა კი ბრუნვის მაჩვენებელზე 600-ჯერ ნაკლებია. პროცენტულად კი სექტორი ბიუჯეტში ბრუნვის მხოლოდ 0,2%-ს იხდის.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 47.938 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 15.847 მლრდ ლარით (ბრუნვა - 32,091 მლრდ ლარი), 2019 წელთან შედარებით კი 22.078 მლრდ ლარით (ბრუნვა - 25,860 მლრდ ლარი) მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 32%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო, 2019 წელს კი 23,7%. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 სწორედ აზარტული თამაშებისაა.

როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

რაც შეეხება სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხას, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 78,406 მლნ ლარი შევიდა, აქედან სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშებზე (ონლაინ კაზინოები) 12,133 მლნ ლარი მოდის.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 19 261 560 ლარი შევიდა (შეგახსნებთ, ობიექტები დახურული იყო), აქედან 12,461 მლნ ლარი ონლაინ თამაშებიდან.

რაც შეეხება პანდემიამდელ, 2019 წელს, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 128,401 მლნ ლარი გადაიხადა, აქედან 12,411 მლნ ლარი ონლაინ თამაშებზე მოდიოდა.

იხილეთ ასევე: კიდევ ერთი რეკორდული წელი - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48 მლრდ-ს აღწევს

თაია არდოტელი