ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი - საფრანგეთის პრემიერმა ენერგოკრიზის გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა ხუთშაბათს მთავრობას „ენერგეტიკული სიფხიზლის“ გეგმა წარუდგინა. სიახლე ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირებას გულისხმობს და მისი აზრით, მხოლოდ ზოგადი მობილიზაცია მოიტანს სასურველ შედეგს.

წარმოდგენილი გეგმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა და ის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შთამბეჭდავ სპექტრს მოიცავს.

ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი

კერძოდ, ოფისებში ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 19 გრადუსს, ხოლო საწარმოების საწყობებში ის მაქსიმუმ 16 გრადუსს უნდა შეადგენდეს. გამონაკლისი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და სამედიცინო დაწესებულებებია.

ასევე რეკომენდებულია პროგრამირებადი თერმოსტატების დაყენება, რისთვისაც 65 ევრომდე კომპენსაციაც კი არის შემოთავაზებული.

რეკომენდებულია წყლის გამაცხელებლების რეგულირება 55 გრადუსით, ხოლო გათბობის სეზონის შემცირება ორი კვირით „ამინდის პირობების გათვალისწინებით“.

იქნება სხვადასხვა სახის წახალისება პირადი სატრანსპორტო საშუალებების კოლექტიური გამოყენებისთვის, ელექტრო ველოსიპედებით გადაადგილებისთვის. სიჩქარის შეზღუდვები დადგინდება ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ოფიციალურ მანქანებს იყენებენ.

დასასვენებელ ადგილებში, სპორტულ, კულტურულ დაწესებულებებში შემცირდება განათება, დაიკლებს ტემპერატურა და შემცირდება ენერგომოხმარებადი რეკლამის გამოყენება.

ეკა დარჩიაშვილი