ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი სწავლების დაფინანსებას აგრძელებს

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი სწავლების დაფინანსებას, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე აგრძელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქუთაისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.

მათივე ინფორმაციით, აბიტურიენტები დამატებით სწავლებას გაივლიან ავტორიზირებულ სასწავლო დაწესებულებებში, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და სკოლების წარმომადგენლებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.

„წელს, უკვე მესამედ, ვიწყებთ პროგრამას სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პროგრამამ და უკვე 70 -მდე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს და დამატებითი გაკვეთილები მიიღოს მათ მიერვე არჩეულ 4 საგანში. დღეს შევხვდით აბიტურიენტებს, მათ მშობლებს, იმ სკოლების ხელმძღვანელებს, სადაც ჩაუტარდებათ ეს გაკვეთილები. ვისაუბრეთ პროგრამის პოზიტიურ მხარეებზე, მოსწავლეების სურვილებსა და მიზნებზე. მჯერა, ჩვენი ხელშეწყობით ეს ახალგაზრდები წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდებიან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.