ლარის კურსის რყევამ ბანანიც გააძვირა

გასულ კვირას ერთი კილოგრამი ბანანის ფასმა საცალო ბაზარზე 4,8,  ხოლო მარკეტებში 5,5-6 ლარი შეადგინა.

მარტის დასაწყისში ერთი კილოგრამი ბანანის ფასი 3,2-3,5 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ხილ-ბოსტნეულის დახლებზე მოვაჭრეები ერთ ცალ ბანანს 1,0 - 1,2 ლარად ყიდიან.

bpn.ge დაინტერესდა, რამ გამოიწვია ბანანის ფასის 2 ლარამდე გაძვირება. მოვაჭრეები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. "პირველი მიზეზია ის, რომ მომწოდებელმა გაგვიძვირა პროდუქცია, ფასზე გარკვეულწილად იმოქმედა ლარის კურსის რყევამაც. თუმცა მთავარი მიზეზია ის, რომ საბითუმო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა. ბანანი ძირითადად ეკვადორიდან შემოდის. გემების საზღვაო მიმოსვლის არევის გამო შემოვიდა იმაზე ცოტა პროდუქტი, ვიდრე ბაზარზე არსებული მოთხოვნა იყო რეალურად", - აცხადებს ნათელა მირიანაშვილი, მოვაჭრე.

მისი კოლეგა კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბანანზე ფასის მატება ლარის გაუფასურებასთან არის დაკავშირებული: " ბანანი დოლარებზე შემოგვაქვს, ხოდა რა გასაკვირია ბანანის გაძვირება?! ლარის გაუფასურება ყველაფერზე ცუდად აისახა, თუ დოლარი დარეგულირდება, ბანანის ფასიც დაიწევს".

თიკო გურაშვილი