აშშ OPEC-ს რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს - რა ეფექტი ექნება წარმოების შემცირებას მსოფლიოზე

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები (OPEC+) ნოემბრიდან ნავთობზე ფასების გასაზრდელად წარმოებას დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ, რაც მსოფლიო მოხმარების 2%-ს უდრის და 2020 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კლება იქნება.

მოსალოდნელია, რომ მსგავსი შემცირება კიდევ უფრო გაზრდის წნეხს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასავლეთის ენერგოსექტორზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ეკონომიკური რეცესიის საფრთხისა და რეკორდულად გამყარებული დოლარის ფონზე, გაიაფებულმა ნავთობის ფასებმა კვლავ მოიმატა და 7 ოქტომბრისთვის 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 95 დოლარი, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 89 დოლარი ღირს.

OPEC-ის დე ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის თანახმად, ეს სვლა აუცილებელი იყო დასავლური ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გლობალური ეკონომიკის შენელების საპასუხოდ.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელსაც შუალედური არჩევნების წინ შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონის გამო, ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთს ფასების შემცირებაში დახმარებისკენ მოუწოდა. ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ვაშინგტონში ნავთობზე ფასების შემცირება იმისთვის სურთ, რომ რუსეთმა ნაკლები შემოსავალი მიიღოს ენერგორესურსების გაყიდვით. პრეზიდენტი წელს სამეფოს დედაქალაქს, ერ-რიადსაც სტუმრობდა, თუმცა თანამშრომლობა ვერ შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო შეაფერხა იმ ფაქტმა, რომ საუდის არაბეთმა რუსეთის ქმედებები არ დაგმო.

ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, ეს ნაბიჯი არაშორსმჭვრეტელურია და ბუმერანგის ეფექტი ექნება თვითონ ორგანიზაციაზე. თეთრი სახლის სპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, „ნათელია, რომ OPEC-ი რუსეთთან შეთანხმებულად მოქმედებს“.

„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია წარმოების შემცირების შესახებ იმ არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებებით, რომლებსაც OPEC+ იღებს იმ დროს, როდესაც გლობალურ ეკონომიკას პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებთან უწევს გამკლავება“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა უარყო, რომ კარტელის გადაწყვეტილება მომხმარებლებს დააზარალებს. პრინცის თქმით, ამის გაკეთება ნავთობის წარმოებაში გრძელვადიანი ინვესტიციების წასახალისებლადაა საჭირო.

„ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებასაც“, - თქვა ორგანიზაციის კუვეიტელმა გენერალურმა მდივანმა, ჰეითამ ალ-ღაიმ, რომლის თანახმადაც, ეს სვლა ენერგობაზარზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უკავშირდება.

OPEC-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ გააგრძელებს ნავთობის გამოთავისუფლებას თავისი სტრატეგიული მარაგებიდან და უფრო იაფი ალტერნატივების მოძებნას. ბაიდენი კონგრესთან ერთად იმუშავებს კანონმდებლობის შემუშავებაზეც, რათა შეამციროს ორგანიზაციის გავლენა ნავთობის ფასებზე. ანტიკარტელურ კანონს სახელად NOPEC ამერიკის კანონმდებლები დიდი ხანია განიხილავენ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ OPEC-ის გადაწყვეტილება გულისხმობს წარმოების მიზნობრივი მაჩვენებლის 2 მილიონი ბარელით შემცირებას, თუმცა OPEC+ მიზნობრივ დონეს ისედაც ვერ აღწევს და რეალური მაჩვენებელი აგვისტოში 3.6 მილიონი ბარელით უფრო ნაკლები იყო.

შესაბამისად, როგორც პრინცი აბდულაზიზი ამბობს, მოსალოდნელია, რომ წარმოება, სინამდვილეში, 1.0-1.1 მილიონი ბარელით შემცირდება დღეში.

OPEC-ის ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია ამერიკელი ანალიტიკოსების მხრიდანაც. ბევრი მათგანი საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად და რუსეთის ღია მხარდაჭერად მიიჩნევს, თუმცა ორგანიზაციაში ამასაც უარყოფენ.

„ევროპას და რუსეთს ორივეს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ერთი ან მეორე ქვეყნის მხარეზე“, - ამბობს არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი, სუჰილ ალ მაზრუეი.

კარტელის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ქვეყნები აშშ-თან ერთად რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ. საუდის არაბეთს და სხვა მწარმოებელ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ეს გეგმა ნავთობის ფასებს შეამცირებს და შესაძლოა, სტრატეგია მათ წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული მომავალში.

ფაქტია, ამ სვლით OPEC-ი გლობალური რეცესიის შემთხვევაში ნავთობის ფასების შესაძლო შემცირების თავიდან არიდებას ცდილობს, რაც მათი პირდაპირი ინტერესია, ამასთანავე, ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე და ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ში გაზზე ფასების ზრდა უკვე დაიწყო და კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. ნავთობის გაძვირება უშუალოდ აისახება ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციურ წნეხს დასავლეთში.

კახი ჩაკვეტაძე