შალვა ოგბაიძე - თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია

თბილისის საკრებულოს წევრი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო სისტემამ, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით აბსოლუტური რეკორდი მოხსნა და 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. შალვა ოგბაიძემ ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ამ გამოწვევას მომზადებული რომ არ შეხვედროდა, ნამდვილი კოლაფსი მაშინ იქნებოდა“.

„როდესაც პროცესს ვაფასებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რა იყო, რა დაგვხვდა და რომელი მიმართულებით მივდივართ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ მიმართულებით განხორციელდა ტაქსების რეფორმა, მიკროავტობუსების პარკის განახლება, ერთიანი გადახდის სისტემის შემოღება. ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ახალი პარკი გვაქვს ევროპაში და ჩვენ სწორი გზით მივდივართ და გავაგრძელებთ პროცესს, რასაც ჩვენი დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჰქვია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.