გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გაზიარებას არ აპირებს

მთავრობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის შემოთავაზებული რეკომენდაციის გაზიარებას და გადასახადების გაზრდას არ აპირებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გადასახადების გაზრდა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ხელისუფლება ამის განხორციელებას არ გეგმავს.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ფისკალური ექსპანსიისა და მეტი ლიბერალიზაციის მომხრე და მხარდამჭერია. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ეკონომიკის მინისტრი პირველ ეტაპზე ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას საპრივატიზაციო გეგმის განხორციელებით გეგმავს.