„ქართული ღვინის ფესტივალი“ ქართული კულტურისა და ღვინის ნამდვილი დღესასწაულია"

„ქართული ღვინის ფესტივალი“ ქართული კულტურისა და ღვინის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც მოსულ სტუმრებს დაუვიწყარ დღესა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს აჩუქებს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შარდენზე მიმდინარე “ქართული ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორმა მარიამ აბდუშელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ღვინის ფესტივალი” უკვე ბრენდია, რადგან ის უკვე მეოთხედ იმართება.

„პანდემიის გამო ორწლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა განახლებული ენერგიით დავბრუნდით. ადგილზე ყველაფერი მზადაა, რათა სტუმრებმა შეძლონ ქართული წარმოების პროდუქტების დაგემოვნება. წარმოდგენილია არაერთი სახეობის ღვინო - მსხვილი, საშუალო და მცირე მარნების. ასევე წარმოდგენილია: ჩირი, ჩურჩხელა, თაფლი. სტუმრებს აქ შეუძლიათ ხელნაკეთი აქსესუარების დათვალიერება. გამოფენა-გაყიდვის გარდა ადგილზე მოსულ სტუმარს დახვდება ცოცხალი მუსიკა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების შესრულებით. „ქართული ღვინის ფესტივალის“ დახურვა 19:00 საათზე გაიმართება”,- განაცხადა მარიამ აბდუშელიშვილმა.