ევროპულ სანქციებში მესამე ქვეყნებიც შევა - „ჩვენ არ გვინდა, რომ მესამე სახელმწიფოები გამოიყენონ როგორც ხვრელი, ​​ჩვენი სანქციების წინააღმდეგ“

რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების ახალ პაკეტში, ევროკომისიამ შეიმუშავა ზომები, რომლებიც მათ შეუსრულებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ სანქციების რვა პაკეტი და თითოეული მაგალითიდან ვისწავლეთ, როგორ დავხუროთ ხარვეზები მათი თავიდან აცილებისთვის. ახლა ჩვენ გამოვდივართ სხვა პაკეტით, რომელიც ითვალისწინებს ზომებს, რათა თავის არიდება შეუძლებელი გახდეს", - თქვა მან ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე თუ ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სანქცირებული საქონლის რუსეთში მიწოდებას, შევა ამ სიაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, „ჩვენ არ გვინდა, რომ მესამე სახელმწიფოები გამოიყენონ როგორც ხვრელი, ​​ჩვენი სანქციების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებულმა საექსპორტო აკრძალვებმა ძლიერი გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე.

„შენელდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება, დაზარალდა სამხედრო ტექნოლოგიების კომპლექსები, სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. ეს ეხება მანქანების წარმოებასაც, რომელიც პრაქტიკულად, შეჩერებულია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ უახლოეს ორ კვირაში კომისიას შესთავაზებს, როგორ შეინარჩუნონ გაზისა და ელექტროენერგიის ფასები კონტროლის ქვეშ. "მიზანი მაინც რუსული შანტაჟისგან თავის დაღწევაა", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირის საზღვრებზე მკაცრი კონტროლის დამყარებას.

”ჩვენ უნდა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მზად უნდა ვიყოთ სხვა შემთხვევებისთვის, მაგალითად, რაც მოხდა Nord Stream-ის შემთხვევში”.

ფონ დერ ლაიენი ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს შეხვდა, მოგვიანებით ის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება.

ეკა დარჩიაშვილი