”რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამლის ეფექტი, ეს არის პრობლემის შეფუთვა და გადავადება”

რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამლის ეფექტი, ეს არის პრობლემის შეფუთვა და გადავადება.

ამის შესახებ დეპუტატების მისამართით გუშინ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ქადაგიძის მისამართით ყველაზე მეტი კრიტიკული კითხვა უმრავლესობის მხრიდან იმასთან დაკავშირებით დაისვა, თუ რატომ არ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა მყისიერად რეზერვების ჩარევა, როცა ლარის გაუფასურება დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით, გიორგი ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივი ეროვნული ბანკისთვის სწორედ რეზერვების გამოყენების გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ეს, მისივე თქმით, პრობლემას ვერ მოაგვარებდა. "რეზერვების ჩარევა არის კონტრპროდუქტიული. ადრე ჩარევას ეფექტური შედეგი ნამდვილად არ აქვს. ამის ნათელი დასტურია აზერბაიჯანი, რომელსაც თხუთმეტჯერ მეტი სავალუტო რეზერვი გააჩნია, ვიდრე ჩვენ. მათ დეკემბერში მილიარდიანი ინტერვენცია განახორციელეს. იანვარში მილიარდ ასი მილიონი ინტერვენცია, ამის მიუხედავად, არც ერთმა და არც მეორემ არ უშველა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.