"აზერბაიჯანში ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არაერთი კონტაქტი შედგა აზერბაიჯანთან"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არაერთი კონტაქტი შედგა აზერბაიჯანთან.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში გუშინ გამართული ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. "ამის თაობაზე ჩვენ გამოვთქვით საყვედური, რომ უფრო ადრე უნდა გვცოდნოდა ამ ცვლილებების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული ის, რომ თუნდაც რაიმე ვადით გადავადებულიყო იმ რეგულაციების შემოტანა, რომელიც ითვალისწინებდა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას აზერბაიჯანში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მეგობარი ქვეყნის განმარტებას გაგებით მოეკიდა, რადგან ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. "თუმცა, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი, რომ მომავალში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს ჩვენთვის ცნობილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.