მეთიუ მარი: საქართველოს მთავრობამ წარმოაჩინა, რომ მტკიცედ აქვს განზრახული ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება

საქართველოს მთავრობამ აქამდე გადადგმული ნაბიჯებით წარმოაჩინა, რომ მას მტკიცედ აქვს განზრახული ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ მცხეთაში, საქპატენტის ოფისში სტუმრობისას ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილემ მეთიუ მარიმ განუცხადა.

მეთიუ მარიმ ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა ინტელექტუალური დაცვის საკითხების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.  "ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ინტელექტუალური დაცვის საკითხებზე და ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ინტელექტუალური საკუთრება კი მნიშვნელოვანი საყრდენია ამერიკისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის. ეს იმიტომ, რომ ამერიკული კომპანიების 60%, რომელიც ექსპორტს სხვა ქვეყნებში აწარმოებენ, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად ეყრდნობიან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს. აგრეთვე იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სხვა ქვეყნების კანონმდებლობა იძლევა ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და საქპატენტთან, რათა შევქმნათ მტკიცე საფუძველი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საქმეში. ახლახან გაგვიხარდა, როცა შევიტყვეთ, რომ საქართველოს მთავრობამ სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა "მაიკროსოფტთან". ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაპირება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეალურად ქცევის შესახებ, განხორციელდა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს სალიცენზიო ხელშეკრულება პირველი ნაბიჯია იმ სხვა მიღწევების ფონზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას მოუტანს", - აღნიშნა მეთიუ მარიმ.

მისივე თქმით, იგი საქართველოში იმყოფება ათი წამყვანი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. მარის განცხადებით, ეს კომპანიები საქართველოში იმყოფებიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ აქამდე გადადგმული ნაბიჯებით წარმოაჩინა, რომ მას მტკიცედ აქვს განზრახული ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. "საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმუშაოს კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით ჩვენი საერთო ღირებულებების პატივისცემისთვის, რაც გამოიხატება ინტელექტუალური საკუთრების ინოვაციების ერთგულებაში", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოფნის პერიოდში იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. მისივე განცხადებით, მან დაინახა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია ხედვა ქვეყნის უკეთესი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბიზნესი ფართოვდება, ყვავის და ვითარდება. "ყველა ეს ის პირობებია, რომელსაც ამერიკული ბიზნესი მიესალმება და ახალი სავაჭრო მისია ჩვენ მოგვიტანს ახალ ხელშეკრულებებს და ბიზნესგარიგებებს", - აღნიშნა მეთიუ მარიმ.