„ღამით მუშაობაზე არსებული რეგულაციები პრობლემურია - უნდა დაწესდეს 8-საათიანი ლიმიტი ყველა დასაქმებულისათვის“

„შრომის კოდექსში უნდა გატარდეს ცვლილება, რომ ღამის სამუშაო დროის 8-საათიანი ლიმიტი დაწესდეს ყველა დასაქმებულისათვის,“ - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში „ღირსეული შრომის დღის წესრიგი - საჭიროებების შეფასება და გზამკვლევი“.

კვლევის ფარგლებში მთლიანობაში ჩატარდა 17 ინდივიდუალური ინტერვიუ და 2 მინი-ფოკუსჯგუფი. სულ გამოიკითხა 23 რესპონდენტი. ინტერვიუები ჩატარდა 2021 წლის ივნის-ივლისში.

კვლევის ფარგლებში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად წარმოჩინდა ღამის მუშაობის არსებული რეგულაციები.

„კერძოდ, ღამის სამუშაოზე 8-საათიანი ლიმიტი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე და ნებისმიერ სხვა ტიპის სამუშაოზე დასაქმებული პირებისათვის კანონმდებლობა არ ადგენს არანაირი დამატებითი ბენეფიტების სისტემას და ისინი მსგავს სამუშაოზე დღის საათებში დასაქმებულ პირებთან ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროებს მოდიფიცირებას.

შრომის კოდექსში უნდა გატარდეს ცვლილება, რომ ღამის სამუშაო დროის 8-საათიანი ლიმიტი დაწესდეს ყველა დასაქმებულისათვის; ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს გარანტიებს და დაცვის მექანიზმებს (მაგ. ფინანსური კომპენსაცია ღამის სამუშაოსთვის ან გაზრდილი ტარიფი ღამით მუშაობისთვის, ტრანსპორტით ან სხვა ტიპის ლოგისტიკური მხარდაჭერა, განსხვავებული სამუშაო გრაფიკით უზრუნველყოფა),“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი