აშშ და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ

აშშ და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. "რუსეთი უნდა ელოდოს მორიგ სანქციებს, თუ ის მინსკის შეთანხმებას დაარღვევს", - განაცხადეს მაღალჩინოსნებმა.

როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სუზან რაისმა და შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. მათი თქმით, უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ეუთო-სთან, რათა დამკვირვებლებმა შეძლონ კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესის მონიტორინგი და გაათავისუფლონ ყველა პატიმარი. "თუ მინსკის შეთანხმება დაირღვევა და პრორუსი სეპარატისტები შეეცდებიან ახალი ტერიტორიების დაკავებას, რუსეთს ეს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება" , - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.