ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საქართველოში შრომის პირობების, შრომითი ურთიერთობების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება“ დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემაჯამებელ კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და პროექტის 3-წლიანი შედეგები შეაჯამა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სისტემურად შრომის უფლებების დაცვის საკითხს მიუდგა და ქვეყანაში შრომის უფლებების გამტკიცებაზე აქტიურად იმუშავა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, 14 ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა. მათი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში უკვე დაწყებულია. ცვლილებები საქართველოში შრომით პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რასაც საქართველოს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებაც ითვალისწინებს.

„ტვინინგის“ პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, ასევე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, შრომის ინსპექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.