საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში

მილიონები, რომლითაც ემიგრანტები ქართულ ეკონომიკას "კვებავენ"

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 146,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში, 2014 წელს 36 მილიონი ამერიკული დოლარით არის შემცირებული გადმორიცხვების რაოდენობა 2013 წელთან შედარებით.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებული გზავნილების მოცულობას თუ გადავხედავთ, რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, რაც, სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ბევრი ქართველი ემიგრანტის ყოფნით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა, ნაწილი კი გაიზარდა.

ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას. სრული სიის ნახვა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა შესაძლებელი:

ყველაზე მეტი თანხა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთიდან ირიცხება, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ გადმორიცხვებს. მიმდინარე წლის იანვარში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ჩაირიცხა 25 860 500 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 მლნ$-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ეს რიცხვი თითქმის ორჯერ არის შემცირებული. გასული წლის ბოლო თვეში, რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილმა 46 928 700 დოლარი შეადგინა, რაც 21 068 200 დოლარით მეტია 2015 წლის პირველ თვესთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარში გადმორიცხული თანხა 37 მლნ $-ით ნაკლები იყო 2013 წლის დეკემბერში გადმორიცხულ თანხასთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით იგივე სხვაობაა, რაც 2015 წლის იანვარსა და 2014 წლის დეკემბერს შორის. მთლიანობაში რუსეთიდან 2014 წელს გადმორიცხული თანხები დაახლოებით, 90 მლნ დოლარით ნაკლებია 2013 წელს გადმორიცხულ თანხებთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით გზავნილების მოცულობა იზრდებოდა, თუმცა აგვისტოდან უკვე კლებას იწყებს.

2013 წელთან შედარებით 2014 წელს თითქმის 22 მილიონ დოლარზე მეტით არის გაზრდილი საბერძნეთიდან გადმორიცხვების რაოდენობა. საბერძნეთიდან, სადაც ასევე დიდია ემიგრანტების რაოდენობა, გასულ წელს 204 781 900 ამერიკული დოლარი გადმორიცხეს, ხოლო 2013 წელს - 18 25 87 200. მიმდინარე წლის იანვარში კი გადმორიცხვების რაოდენობამ 12 204 800 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე ნაკლებია.

იტალიიდან 2014 წელს გზავნილების რაოდენობამ 121 469 700 დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 11 მლნ $-ით მეტია.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი გასულ წელს საქართველოში 82 062 900 დოლარი გადმოირიცხა.

თურქეთიდან 2014 წელს საქართველოში 64 336 100 დოლარი გადმორიცხეს.

უკრაინიდან 2015 წლის იანვარში 2 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან უკრაინაში ამ პერიოდში 1,5 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

როგორც ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, გზავნილების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში

ქართველი ემიგრანტების რაოდენობაზე. სწორედ ამას ადასტურებს დიასპორის არაოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს აპარატმა მოგვაწოდა. ამ ჩამონათვლის მიხედვით, სწორედ იმ ქვეყნებშია ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი, საიდანაც გზავნილები მეტია. მონაცემები ასეთია:

რუსეთის ფედერაცია: 800 000-მდე ქართველი ემიგრანტი, საიდანაც, 2009 წლიდან დღემდე, 285 915-მა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა.

საბერძნეთი: დაახლოებით 250 000 ემიგრანტი, მათ შორის 100 000-მდე ეთნიკური ბერძენი.

იტალია: 20 000 ემიგრანტი.

აშშ: 80 000 ემიგრანტი.

თურქეთი: 100 000 შრომითი მიგრანტი.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE