გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მშობლები მოითხოვენ, სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად წარიმართოს და მალე დასრულდეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მშობლები მოითხოვენ, სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად წარიმართოს და მალე დასრულდეს.

ერთ-ერთი მოსწავლის დედა, მედეა რუაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სკოლის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს, ფაქტობრივად, არ ასრულებს, რის გამოც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მშობელი აცხადებს, რომ სკოლა უკვე მე-3 წელია არ ფუნქციონირებს, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყება კი ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. მისი ინფორმაციით, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3 დღე ვაზიანის საჯარო სკოლაში უტარდებათ, სადაც ავტობუსით დადიან, ორი დღე კი ონლაინ-რეჟიმში მეცადინეობენ.

მშობლები ამბობენ, რომ სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ სურთ და მოითხოვენ, რომ ბავშვები საკუთარი სკოლის საკლასო ოთახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

„3 წელია სკოლა არ ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მასთან გაწყვიტეს კონტრაქტი. სულ 4 მუშა მუშაობდა. მათ ფულსაც არავინ უხდიდა - რაღაც კონტეინერი მისცეს და უთხრეს, გაყიდეთ და ამით აინაზღაურეთ ნამუშევარიო. მანამდეც, გაიფიცნენ მუშები, რადგან ხელფასს არ უხდიდნენ, ამის შემდეგ მათ ტრაქტორი გაყიდეს და მიღებული თანხა გაიყვეს ანაზღაურების სახით. ახლა ადგილზე ან არავინ მუშაობს,

ან თუ მუშაობს, 4 მუშაზე მეტი არა. გვინდა, რომ სკოლას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. მალე გამოცხადდეს ტენდერი. საკმარისი მუშა მოვიდეს, რომ დროულად მოხდეს რეაბილიტაცია. ონლაინ სწავლება არავითარ შემთხვევაში არ გვინდა - სკოლა გვინდა. გუშინ ავარია შეემთხვათ, მცირე ინციდენტი იყო, მაგრამ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. ონლაინ ყოფნას არ ვაპირებთ - ამ ეტაპზე იარონ ავტობუსით, მაგრამ იქნებ, რამდენიმე თვეში ან 1 წელში მაინც მოხდეს ახალი კომპანიის მიერ სკოლის რეაბილიტაცია“,- აცხადებს მედეა რუაძე.

რაც შეეხება სკოლის დირექციის პოზიციას, მისი თქმით, დირექტორსა და მასწავლებლებს მშობლების მსგავსი პოზიცია აქვთ, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის ნაბიჯებს არ დგამენ.

ასევე, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა წერილი, რომელიც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ კონტრაქტორს, შპს „ალიანსს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაუგზავნა. წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2021 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა, რომელიც ფონდმა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაწყვიტა. აქვე განმარტებულია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა შპს „ალიანსს“ ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გრაფიკის არსებითი დარღვევებით, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების ძირითადი ნაწილის შეუსრულებლობით, კერძოდ, დღეის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 23%-ია შესრულებული, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა“,- აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება ტენდერის პირობებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულების თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება სამუშაოს მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით 4 113 067 ლარს შეადგენს.