საუდის არაბეთი - OPEC+-ის გადაწყვეტილება პოლიტიკური არ ყოფილა

ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ OPEC+-ის გასული კვირის გადაწყვეტილება, რომელმაც ვაშინგტონის გაბრაზება გამოიწვია, იყო ეკონომიკური მოტივებით ნაკარნახევი და არა პოლიტკურით - ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ბენ ფარჰანმა განაცხადა.

„OPEC+--ის გადაწყვეტილება იყო წმინდა ეკონომიკური და მისი მიღება მოხდა ერთსულოვნად ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის მხრიდან“ - განუცხადა მინისტრმა ტელეკომპანია Al Arabiya-ს.

ამასთანვე, მან უარყოფითად უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ეს პოლიტკური ნაბიჯი. ფარჰანის თქმით, OPEC+-ის წევრები პასუხისმგებლიანად მოიქცნენ.

მანვე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სტარტეგიული ხასიათისაა და მიმართულია ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. „გარდა ამისა, ვაშინგტონსა და ერ-რიადს შორის თანამშრომლობა პასუხობს ორივე ქვეყნის ინტერესებს. ჩვენი ურთიერთობები არის ინსტიტუციონალიზირებული, მათი დადგენის მომენტიდან“, - დასძინა ფარჰანმა.

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ აშშ საუდის არაბეთის ურთიერთობების გადახედვა უნდა მოხდეს.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება საუდის არაბეთთან სხვა ფორმატის ურთიერთობა. ჩვენ შევაფასებთ ჩვენს მიდგომებს, განვსაზღვრავთ ზომებს, რომელთა მიღებაც მოგვიწევს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია და მისი მოკავშირეები (OPEC+) ნოემბრიდან ნავთობზე ფასების გასაზრდელად წარმოებას დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ, რაც მსოფლიო მოხმარების 2%-ს უდრის და 2020 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კლება იქნება. მოსალოდნელია, რომ მსგავსი შემცირება კიდევ უფრო გაზრდის წნეხს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასავლეთის ენერგოსექტორზე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ეკონომიკური რეცესიის საფრთხისა და რეკორდულად გამყარებული დოლარის ფონზე, გაიაფებულმა ნავთობის ფასებმა კვლავ მოიმატა.

კოკა კვირკველია