”პარლამენტი ორი წელი ეკონომიკურ პროცესებზე კონტროლის ფუნქციას არ ასრულებდა”

დემურ გიორხელიძე: ეკონომიკაში ფუნდამენტალური პრობლემებია და ამის უარყოფა არ შეიძლება

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამდენად ადეკვატურად პასუხობს მათზე ხელისუფლება და რას შეიძლება ნიშნავდეს უკანასკნელ დღეებში მთავრობის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი, "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- ბატონო დემურ, ოპოზიციის მტკიცებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ სავალუტო კრიზისი გვაქვს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვითარებას და თქვენი აზრით, ახლა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, თუ სავალუტო კრიზისში?

- თქმა იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ლოგიკაში არ ჯდება. 2014 წელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით დაფიქსირდა, თუ როგორი იყო ეს ზრდა, სხვა თემაა. ორი კვარტალის მონაცემებით ჯერჯერობით ცუდი მდგომარეობა არ ფიქსირდება. ამიტომაცაა, რომ არც ეკონომიკის რეცესია არა გვაქვს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ეკონომიკური კრიზისზე საუბარი მხოლოდ მოგონილია. თუმცა, ეკონომიკაში ფუნდამენტალური პრობლემებია და ამის უარყოფა არ შეიძლება. რეალურად არის სავალუტო კრიზისი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჩამოკიდებულია იმპორტზე და არ გააჩნია ვალუტის შემოდინების მყარი წყაროები, ექსპორტი მწირია. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციამ შარშან თითქმის მილიარდ 300 მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი-დიდი 7%-ს შეადგენს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებისთვის აბსოლუტურად არასაკმარისია. შემოდინებები ტურიზმიდან არ არის და არც შეიძლება იყოს, ვინაიდან ტურიზმზე გათვლები და მოლოდინი, რომ სავალუტო შემოდინებების მთავარი წყარო ტურიზმი იქნებოდა, თავიდანვე არასწორი იყო. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ასი ათასობით ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინასა და ევროზონის ქვეყნებში, სერიოზული კრიზისს განიცდიან. ქვეყანას მოაკლდა ვალუტა. ამას დაემატა ის, რასაც მაკროეკონომიკა ჰქვია და, რაშიც მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა კოორდინირებული არ იყო. ანუ, კოორდინირებული და ერთმანეთთან შეთანხმებული არ იყო ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ამას დაემატა გარე და შიგა ფაქტორების ნეგატიურ ასპექტში დამთხვევა, რამაც ააფეთქა სიტუაცია. მანამდე არ ფეთქდებოდა გასაგები მიზეზების გამო - კარგი საგარეო ფაქტორები ფარავდა საშინაო დეფექტებს.

- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში ვითარება არც ისე კატასტროფულია და "ტელევიზიების უმეტესობა ხელს უშლის განსხვავებული რეალობის წარმოჩენას". ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გვირჩევს - "ყველანი უნდა ვეცადოთ, დავაცხროთ ვნებები იქ, სადაც საუბარი ეკონომიკას ეხება". მოკლედ, ყველაფერში დამნაშავე ჟურნალისტები და ეკონომნიკური პრობლემებით შეწუხებული და უკმაყოფილო ხალხი ყოფილან...

- ერთადერთი, ვინც არ არის დამნაშავე შექმნილ სიტუაციაში, ჟურნალისტები არიან. შესაძლოა, ვინმე მოგვწონდეს, ვინმე არ მოგვწონდეს, ზოგი გამოცემა პეტრეს უჭერს მხარს, ზოგიც ივანეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ეკონომიკური მდგომარეობის გაფუჭება. თუ რომელიმე მათგანი ცუდად იქცევა, ესეც სუსტი ხელისუფლების ბრალია, ვინაიდან ქვეყანაში კონსტუტუციის ფარგლებში თამაშის ერთიანი წესების არ არსებობს. როგორებიც არ უნდა იყვნენ ჟურნალისტები, ეკონომიკურ სფეროში შექმნილი ვითარების ჩამოყალიბებაში ისინი არაფერ შუაში არ არიან. ეს წმინდა სუბიექტური შეხედულებაა. აქ უკვე ემოციებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ტექნოლოგიაზე. დიახ, სამწუხაროდ, მედიის გარკვეული წარმომადგენლები, შესაძლოა, არიან გამოყენებული ფონის შესაქმნელად, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიული ქვეყნისათვის. მთავარია, ხელისუფლება სწორად აკეთებდეს საქმეს და შედეგი იყოს. თუ შედეგი არ არის, ჟურნალისტების შემდეგ ჩვენ უნდა დავიჭიროთ კატა ბნელ ოთახში, რომელშიც იგი არ არის.

იხილეთ გაგრძელება