თამარ არჩუაძემ   ICAO-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით 41-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მიიღო.

მათივე ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიის შემდეგ ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ტემპებზე და ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ასევე, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ICAO ეფექტიან ზომებს მიიღებს ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, ვინც ჩიკაგოს კონვენციას არღვევს.

,,წელს, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების კუთხით ჯამურად ყველა აეროპორტში 95%-იანი აღდგენა გვაქვს. სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამავე დროს ჩვენთვის ფრენებისა და საავიაციო უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით კი საქართველოს ბოლო წლებში ნამდვილად აქვს პროგრესი და ეს ICAO-ს წინა ასამბლეაზე მინიჭებული ორი სერტიფიკატითაც დადასტურდა. 2022 წელს, საქართველომ მიიღო საავიაციო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალ სამ წელზეა გათვლილი და შესაბამისობაში მოდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პარტნიორის გეგმასთან”,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ICAO-ს გენერალური ასამბლეა სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და მას ორგანიზაციის საბჭო იწვევს. კოვიდ პანდემიის შემდეგ ასამბლეა წელს პირველად შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრად ხელახალ არჩევნებზე არ აურჩევიათ.