ევროკავშირმა რუსეთ-უნგრეთს შორის ”ბირთვული შეთანხმება” დაბლოკა

ევროკავშირმა რუსეთსა და უნგრეთს შორის ატომური ელექტროსადგურის "პაკშის" ორი ენერგობლოკის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Financial Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანება "ევროატომმა" უარი თქვა რუსეთისგან უნგრეთში ბირთვული საწვავის შეტანაზე. თავის მხრივ, უნგრეთის ხელისუფლებამ "ევროატომის" გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომისრებმა "ევროატომის" პოზიციას დაუჭირეს მხარი.

რუსეთმა და უნგრეთმა 12 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი ატომური ელექტროსადგურის "პაკშის" ორი ენერგობლოკის მშენებლობის თაობაზე 2014 წლის დეკემბერში გააფორმეს. კონტრაქტის თანახმად, ბუდაპეშტიდან 75 მილის მოშორებით, ქალაქ პაკში 1 200 მეგავატი სიმძლავრის ორი ბირთვული რეაქტორი უნდა აშენებულიყო.

შეთანხმების ოპონენტთა თქმით, ამ კონტრაქტით არსებობს იმის საფრთხე, რომ უნგრეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე ენერგეტიკული თვალსაზრისით. დღეისთვის უნგრეთში მოხმარებული ნავთობის 80%, ხოლო გაზის 60% რუსეთიდან შედის.

პროექტის რეალიზებისთვის რუსეთს უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს კრედიტი უნდა გამოეყო.