უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 58.6 ათასი პირით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია,“ - ამის შესახებ PMCG-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელარუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია.

რაც შეეხება უკრაინასა და ბელარუსს, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლებისა და გასვლების სხვაობამ, შესაბამისად, 11.2 ათასი და 6.3 ათასი შეადგინა,“- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორთა ცნობით, გამოცემაში გამოყენებული შემოსვლისა და გასვლის სტატისტიკა სრულად ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს მოქალაქეობის მიხედვით უნიკალური პირების შემოსვლისა და გასვლის სტატისტიკის შესახებ, რაც წინა გამოცემებთან შედარებით ამცირებს სტატისტიკურ ცდომილებებს და საქართველოში დარჩენილი უცხოელი მოქალაქეების რაოდენობის უკეთესად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

თაია არდოტელი