ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰეიმ განაცხადა.

„ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი იქნება გადადგმული”, - განაცხადა ვარჰეიმ.

კერძოდ, ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას რვა პრიორიტეტი ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. იგივე ფორმულით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ.

იმ ნაბიჯებს შორის, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინისგან ელის, არის: მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონში პატიოსნების შესახებ პრიორიტეტული წესრიგით ცვლილებების დამტკიცება, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის შესახებ ახალი კანონის მიღება, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის გასაძლიერებლად გადამწყვეტი ზომების მიღება, საზღვრებისა და მიგრაციის პოტენციალის მართვისთვის ყველა დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის ხელშეწყობა, ასევე თავშესაფრის მიცემის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

“კანდიდატის სტატუსის მიცემა - ეს წინადადებაა ევროპისგან ბოსნია და ჰერცეგოვინას და მის ხალხს. ჩვენ ამას ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხისთვის ვაკეთებთ. თუმცა ეს მაღალ მოლოდინებთანაც არის დაკავშირებული. ელიტებზეა დამოკიდებული ამის რეალობად ქცევა”, - აღნიშნა ვარჰეიმ.