კახა კალაძე - კომპანია „რამბოლთან“ ხელშეკრულებას არ ვწყვეტთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია „რამბოლთან“, რომელსაც დედაქალაქის მერიის 20-წლიანი სატრანსპორტო სტრატეგია უნდა დაეწერა, ხელშეკრულებას არ წყვეტენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, 2019 წელს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დღესაც ძალაშია. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ დრომდე კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს გეგმა, რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს თბილისში სატრანსპორტო რეფორმა.

ამასთან, დედაქალაქის მერი ვერ აკონკრეტებს, რა ვადაში შეძლებს „რამბოლი“ გეგმის წარდგენას.

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, საზოგადოებას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად წარვუდგინე ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო წლების განმავლობაში და როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს რეფორმა. როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, პირველივე დღესვე დავიწყეთ ამ ყველაფრის განხორციელება და ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები. პირველი იყო ავტობუსების პარკის განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყეთ ამ მიმართულებით გეგმის განხორციელება და დღეს დედაქალაქს ჰყავს მოწესრიგებული ევრო 6 ტიპის ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. შემდეგი ეტაპი არის ინფრასტრუქტურული მოწესრიგება იმისთვის, რომ მიკროავტობუსმა და ავტობუსმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ.

2018 წელს ჩვენ მივიღეთ ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევა სამარშრუტო ქსელებთან დაკავშირებით. 2019 წელს კი, გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „რამბოლთან“, რომ დაიდოს სატრანსპორტო სტრატეგია მომდევნო 20 წლის განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს. პანდემიის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა კომპანიას. ამასთანავე, ამ ყველაფერში ჩართულია აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც არსებული პროექტი ხორციელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ უარს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და მივიღოთ კვლევა. ასე რომ, დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზაობას და აძლევს სრულ შესაძლებლობას ამ კომპანიას, რომ კვლევა ჩაატაროს და წარგვიდგინოს კონკრეტული ხედვები, რა უნდა განხორციელდეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია დადებს დოკუმენტს და მას ცვლილებები არ დასჭირდება. ყოველწლიურად დასჭირდება დოკუმენტს განახლება, ცვლილებები, რადგან ეს არის ნორმალური პროცესი - ქალაქი იზრდება ვითარდება და ამას სჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობა. გამიჭირდება პასუხის გაცემა როდის იქნება მზად ეს გეგმა. არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას, რომელიც დღესვე შეგვიძლია გავწყვიტოთ. მაგრამ არ ვაკეთებთ ამას. „რამბოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ დოკუმენტს დადებენ ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ მდგრადი ურბანული მობილობის მრავალწლიანი გეგმის განსახორციელებლად, ტენდერში გამარჯვებულ დანიურ კომპანია „რამბოლთან” ხელშეკრულება 2019 წელს დადო. "რამბოლს" გეგმა 11 თვეში უნდა წარედგინა, რომელიც დღემდე წარდგენილი არ არის. „რამბოლის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს დედაქალაქში მოძრავი ყველა ტრანსპორტი უნდა მოეცვა.