კრიპტოს შავი მხარე - როგორ აფინანსებენ რუსები ომს ციფრული ვალუტებით

რვა თვეა რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას აგრძელებს, დასავლეთი კი ცდილობს გაწყვიტოს აგრესორთან ეკონომიკური კავშირები, რომელიც ომის დაფინანსებას უწყობს ხელს.

უმსხვილეს რუსულ ბანკებს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკვე დაუწესეს სანქციები, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობიდან თანდათან ამოგდებას ისახავს მიზნად. თუმცა, რუსულ სამხედრო და გასამხედროებულ ჯგუფებს რთულად გასაკონტროლებელი კრიპტოვალუტებით მილიონობით დოლარი მაინც მიეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებამ ციფრული ვალუტები პირდაპირ სანქციებისგან თავის ასარიდებლად და პოლიტიკურ იარაღად, შესაძლოა, ვერ გამოიყენოს, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

მკვლევარების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, სულ მცირე, 4 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტები მოაგროვეს პრორუსულმა და სამხედრო აგრესიის მხარდამჭერმა ჯგუფებმა. კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული ანალიტიკური ორგანიზაციების, Chainalysis-ის, Elliptic-ისა და TRM Labs-ის, ასევე უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის თანახმად, ამ აქტივების მიმღებები, ძირითადად, არიან რუსული გასამხედროებული ჯგუფები, ასევე იარაღის მწარმოებლები.

სანქცირებული ჯგუფებისადმი ამ სახსრების მიწოდების შემცირების ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს და პირიქით, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც: ბოლო ორ თვეში Chainalysis-მა მიაკვლია თითქმის 1.8 მილიონი დოლარის დაფინანსებას, რომელიც რუსულ სამხედრო დაჯგუფებებს მიეწოდათ. ეს თითქმის უტოლდება იქამდე 5 თვის განმავლობაში მიღებულ დაფინანსებას - 2.2 მილიონ დოლარს.

pr1artboard-12x-1024x644-1665649039.png

როგორც Chainalysis-ის გრაფიკიდან ჩანს, პრორუსული სოციალური მედიებისთვის გადარიცხული კრიპტოებიდან ყველაზე მეტი Bitcoin-ი და Ethereum-ია.

მართალია, ამ სახსრების მიმწოდებლების და მიმღებების კვალში ჩადგომა შესაძლებელია, თუმცა მათი გაყინვა ან დაბლოკვა, ნაკლებად რეგულირებადი თუ სანქცირებული კრიპტობირჟების გამო, რომელთა უმეტესობა რუსეთშია დაფუძნებული, მეტად რთულ საქმეს წარმოადგენს.

„ჩვენი მიზანია ყველა იმ კრიპტოსაფულის იდენტიფიცირება, რომლებსაც რუსული სამხედრო ჯგუფები და მათი დამხმარეები იყენებენ. ჩვენ ვეძებთ და ვბლოკავთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ეხმარება ოკუპანტებს ტყვიებისა თუ აღჭურვილობის შეძენაში. თუმცა ვხედავთ, რომ გადარიცხვები მთელი ამ დროის განმავლობაში გრძელდება“, - ამბობს სერაი კროპივა, რომელიც უკრაინის კიბერპოლიციის ყოფილი წარმომადგენელია.

Binance-ის საგამომძიებლო ჯგუფისა და ზემოთ მოყვანილი სხვა ფირმების თანახმად, შემოწირულებებსა და დონაციებს, როგორც წესი, აპლიკაცია Telegram-ის საშუალებით ითხოვდნენ. მაგალითად, Chainalysis-მა მიაკვლია პრორუსული მედიების, Rybar-ისა და Southfront-ის, ასევე გასამხედროებული დაჯგუფება Rusich-ის ამგვარ პოსტებს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს კავშირი აქვს ცნობილ „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან. პოსტებში ისინი ამბობდნენ, რომ მოგროვილი თანხით სამხედრო დრონებს, რადიოებს, ცეცხლსასროლი იარაღებისთვის საჭირო ნაწილებსა თუ ჯავშანჟილეტებს შეიძენდნენ.

Binance-ის ანგარიში არ მოიცავს ყველა ამგვარ პრორუსულ ჯგუფს, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეალურად, დაფინანსება უფრო მსხვილმასშტაბიანია. Binance-მა ასევე აღმოაჩინა ჯგუფი MOO Veche, რომელიც ზემოთ აღნიშნული ჯგუფების მსგავსად სამხედრო აღჭურვილობის შეძენითაა დაკავებული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია აგროვებული თანხების მიხედვით. სხვა ამგვარი ჯგუფები არიან: Save Donbas, REAR, Lobaev, Romanov Light და სხვ.

image4-1024x516-1665649098.jpg

ფოტო Chainalysis-ის ანგარიშიდან, საიდანაც ჩანს რუსების მიერ კრიპტოვალუტების დონაციებით შესყიდული ნივთები.

ამ ფინანსების უმეტესობა განაღდებული იყო მაღალრისკიანი რუსული ბირჟების მეშვეობით, რომლებსაც კრიმინალური ფულის გათეთრების მიმართ არანაირი ზომები არ აქვთ მიღებული. ამგვარ ბირჟებად Chainalysis-მა დაასახელა Chatex, Suex და Garantex, რომლებიც დასავლური სანქციების ქვეშ არიან მოქცეული კრიმინალების მიერ მათი ხშირი გამოყენების გამო. ზოგიერთი მათგანი არა მარტო რუსეთში, არამედ ჩინეთსა და ინდოეთშიცაა დაფუძნებული.

როგორც Binance-ში ამბობენ, ამგვარმა ჯგუფებმა მათი პლატფორმის გამოყენებაც სცადეს გადარიცხვებისთვის, თუმცა აღმოჩენილი 4 ანგარიშიდან 4-ვე გაყინეს.

რუსების მიერ კრიპტოვალუტებით ომის დაფინანსება შესაძლოა, უკრაინისთვის ყველაზე ნაკლებად იყოს პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ციფრულ ვალუტებს უკრაინელებიც გონივრულად იყენებენ და Eliptic-ის თანახმად, ქვეყნის მთავრობამ უკვე მოაგროვა 77 მილიონი დოლარის დახმარება დონაციებით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები კრიპტოვალუტებით მაინცდამაინც დიდ დახმარებას ვერ იღებენ, ეს ყველაფერი აჩენს პოტენციალს, რომ ამ საშუალებას სანქციების თავიდან ასარიდებლად და რუსული ომის მანქანის დასაფინანსებლად უფრო ხშირად გამოიყენებენ.

კახი ჩაკვეტაძე