2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობა 1,782 მლრდ ლარზე მეტია - საპენსიო სააგენტოს დირექტორი

2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11 194 დამსაქმებელი და გაწევრიანდა 129 000-ზე მეტი დასაქმებული, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2021 წლის ბოლოსთვის მთლიანად გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1 235 000-ზე მეტი ადამიანი.

„ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა იყო 82 795. საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა 1 782 000 000 ლარზე მეტი, ხოლო ფონდიდან გამოტანილი იყო 66 000 000 ლარზე მეტი, საპენსიო სქემიდან გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ანდა საპენსიო აქტივის გაცემისა და მაკორექტირებელი დეკლარაციების საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8%-დან 9,6%-მდე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ შეადგინა 18 მილიონ ლარზე მეტი“,- განაცხადა გიორგი დანელიამ.