„არავითარი ინტერესი მიგრანტების მხრიდან დაზღვევის შეძენის ნაწილში არ არსებობს“ - სადაზღვევო ასოციაცია

ქვეყანაში მიგრანტების გაზრდილი ნაკადი სადაზღვევო სექტორის მიმართვინობაზე არ ასახულა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

დევი ხიჩინაშვილის თქმით, ახლა ქვეყანაში საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს და არის შემთხვევები, როცა მიგრანტები სამედიცინო მომსახურების თანხას არ იხდიან.

„პირდაპირ უნდა ითქვას, არავითარი ინტერესი მიგრანტების მხრიდან დაზღვევის შეძენის ნაწილში არ არსებობს. არის გარკვეული ინტერესი პროვაიდერების მხრიდან, რომელთაც სურთ მოვიდნენ ჯგუფურად და მიიღონ ფასდაკლება. თუმცა, ესეც არ არის მარტივი, რადგან არასტაბილური კონტინგენტია.

მგონია, რომ 60 000-ზე ბევრად მეტი მიგრანტია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი ისეთი ქვეყნებიდანაა, რომელთაც არ ჩამოჰყვებათ კარგი სადაზღვეო დაფარვები, ასე რომ, ისინი მინდობილი არიან ბედს და თუ რამე დასჭირდებათ გადაიხდიან ჯიბიდან.

მე ასე მესმის, რომ რადგან მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ადამიანია, საჭიროებაც ნაკლებია. ძირითადად ურგენტული მდგომარეობით მიდიან საავადმყოფოში, შემდეგ, თუ გადაიხადეს, თუ არადა საავადმყოფომ უნდა ,,იჭიდაოს", ან ამოიღებს ამ ფულს, ან ვერა. ალბათ, გახსოვთ, კოვიდის დროს იყო საუბარი სავალდებულო დაზღვევაზე ტურისტებისთვის, მაგრამ რადგან პანდემიის სიმწვავემ გადაიარა, ეს თემაც არააქტუალურია.

ჩვეულებრივ ტურისტს, უნდა ჰქონდეს სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც უფრო მარტივი და იაფია. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც უფრო დიდი ხნით და ბინადრობის გაურკვეველი საკითხით ჩამოდიან, უნდა იყოს გარკვეული განსხვავებული ჩარჩო, ან უნდა მოვიქცეთ როგორც ვიქცევით ხოლმე, რაც გამოვა, გამოვა. ან მეორე და ლოგიკური გზაა, შევქმნათ სისტემა, რომლითაც როცა საქართველოში არიან, იმ დროისთვის გარკვეული სადაზღვეო დაფარვა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით, როცა ეტკინება რომელიმე სექტორს, მერე იქნება რეაგირება. ამიტომ, ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორი იქნება ტალღა, რომლითაც მიგრანტები ქვეყანაში შემოდიან”, - განაცხადა ხეჩინაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი