რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, აშშ-ში ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა

აშშ-ში ფასების მკვეთრი ზრდის ტემპის შენელების ნიშნები ფედერალური რეზერვის (Fed) მიერ დღეს გამოქვეყნებული სექტემბრის მონაცემებითაც არ ჩანს.

გასულ თვეში, წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელი, რომელიც ენერგიისა და საკვების ფასებს მოიცავს, აგვისტოსთან შედარებით მცირედით შეიცვალა და 0.1%-ით, 8.2%-მდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ძირითადი ინდექსი, რომელიც სურსათისა და ენერგიის არასტაბილურ ხარჯებს გამორიცხავს და წინა თვეში 6.6%-ს შეადგინა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აგვისტოსთან შედარებით, ინფლაცია 0.4%-ითაა გაზრდილი, სურსათისა და ენერგიის ხარჯების გარეშე კი 0.6%-ით.

ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე ქვეყნის პრეზიდენტისა და თეთრი სახლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რის გამოც ჯო ბაიდენს შუალედურ არჩევნებში შედარებით დაბალ რეიტინგს უწინასწარმეტყველებენ.

ინფლაციის მოსათოკად ფედერალურ რეზერვს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა აქვს არჩეული და საპროცენტო განაკვეთები წელს უკვე გაზარდა 2.25-2.50 საბაზისო პუნქტით, რაც ქვეყანაში რეცესიის რისკს ზრდის და აქციების ფასებზეც უარყოფითად მოქმედებს. ფასების ამგვარი ზრდა, დიდი ალბათობით, Fed-ს აიძულებს, მომდევნო სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა კიდევ გაამკაცროს და განაკვეთები უფრო მეტად გაზარდოს.

კახი ჩაკვეტაძე