ოთარ დანელია FAO-ს კონსულტანტებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია კოოპერაციის საკითხებში FAO-ს კონსულტანტებს, ჯონ მილნსის და კირან განონის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში კოოპერაციის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ კოოპერატივების განვითარების მიმართულებით დღეისათვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა დეტალურად განიხილა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით დგას.

ოთარ დანელიას თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება მიწების კონსოლიდაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. "ჩვენი მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების შექმნის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანი, მობილური და მოქნილი კომუნიკაცია ფერმერებთან, რათა ისინი ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ იმ კონკრეტული პრივილეგიების შესახებ, რომლებითაც ისინი კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში ისარგებლებენ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე კოოპერაციის საკითხებში FAO-ს კონსულტანტებმა განაცხადეს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ისინი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებულ ხედვას შეიმუშავებენ და ივლისის ბოლომდე კოოპერატივების დაფინანსების სქემებთან დაკავშირებით კონკრეტულ რეკომენდაციებს წარადგენენ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.