ილონ მასკი უკრაინაში Starlink-ის სერვისების დაფინანსებას წყვეტს და პენტაგონს მიმართავს

საინფორმაციო სააგენტო CNN-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, გასულ თვეში ილონ მასკის SpaceX-მა გაუგზავნა პენტაგონს წერილი, სადაც წერია, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას აქამდე არსებული სახით.

წერილით მასკი მიმართავს პენტაგონს, გადაიბაროს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების საფასური, რომელიც წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 120 მილიონ დოლარს შეადგენს და მომდევნო 12 თვის განმავლობაში, შესაძლოა, 400 მილიონსაც მიაღწიოს.

"ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ კიდევ გადავცეთ ან დავაფინანსოთ არსებული ტერმინალები უკრაინაში განუსაზღვრელი ვადით", - წერს SpaceX-ის გაყიდვების დირექტორი.

დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ ივლისში გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ მასკს Starlink-ის დამატებით 8,000 ერთეულის მისაწოდებლადაც მიმართა. პენტაგონისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია, რომ კომპანია რთულ მდგომარეობაშია და არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ გენერალი ზალუჟნის თხოვნა.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, უკრაინას გადაეცა Starlink-ის 20,000-მდე სატელიტური ერთეული, რომელთა მიერ მიწოდებულ ინტერნეტსაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყანაში სამხედროების კომუნიკაციისათვის.

კახი ჩაკვეტაძე