კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ესწრებოდნენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ვრცლად ისაუბრა და მათ ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები დეტალურად გააცნო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა. კობა გვენეტაძემ ის ღონისძიებები მიმოიხილა, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ და გლობალურად მზარდმა ინფლაციამ, საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ზეგავლენა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.

შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ "მხარდამჭერ პროგრამას" (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო, რომლებსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.

"2022 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა (Stand-By Arrangement) დაამტკიცა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს დაუჭერს. პროგრამა პრევენციული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველო დაახლოებით 210 მილიონ SDR-ს (სსფ-ის სპეციალურ ნასესხობათა უფლებას, დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარს) მიიღებს. 2022 წლის სექტემბერში სსფ-ის მისიამ უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის ფონზე ინფლაციის შენელების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა. მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, "სებ-მა ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად ნაბიჯები გადადგა". გარდა ამისა, "მისია გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი ხელისუფლების ურყევ ერთგულებას მიესალმება, რაც ბოლო წლებია შოკების მთავარი გამანეიტრალებლის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.