ეროვნული ბანკი "ინტელექტბანკთან" დაკავშირებით "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებას პასუხობს

საქართველოს ეროვნული ბანკი "ინტელექტბანკის" საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებას პასუხობს.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს, სს "ინტელექტბანკში" მიმდინარე პროცესები იყო ტიპური შემთხვევა, როდესაც კომერციული ბანკი, თავისი ფინანსური მდგომარეობით უკვე საფრთხის შემცველი იყო მეანაბრეებისა და კრედიტორების ინტერესებისათვის, რაც ზოგადად რისკის ქვეშ აყენებდა საბანკო სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას.

მათივე განმარტებით, "ინტელექტბანკის" პრობლემის მოგვარების სქემა ეფუძნებოდა პრობლემური ბანკის მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. "პროცესი იყო გამჭვირვალე, წარიმართა რა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს გახლდათ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ჯანსაღი გზა, რომლის შედეგადაც არ დაზარალებულა ბანკის არც ერთი მეანაბრე და კრედიტორი. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ქმედებების ეფექტიანობა აღნიშნა საერთაშორისო სავლუტო ფონდმაც: (იხ ლინკი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=100&lng=geo), ანგარიშში ნათქვამია: ,,სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული დროული და სწორი პოლიტიკით თავიდან აცილებულ იქნა ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკის ("ინტელექტბანკის") გაკოტრება. საბჭოს წევრების შეფასებით, საბანკო ზედამხედველობა საქართველოში გაუმჯობესდა და უფრო აქტიური, ეფექტიანი გახდა", - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადოკატები" საქართველოს პროკურატურას მიმართავს, სს "ინტელექტბანკის" საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დააჩქაროს და პასუხისგებაში მიეცეს პირები, რომლებიც ბანკის გაკოტრებისა და კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის საქმეში ფიგურირებენ. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტი, ვინაიდან ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი ქადაგიძის მიერ კომერციული ბანკების მიმართ, 2006 წლიდან მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ატარებს.